ჩემი სახელია K. ეს ამბავი მოხდა 2034 წელს. გაყრუებული სიჩუმით მოცულ სიბნელეში, სადაც დასასრული ასამარებს დასაწყისს, სადაც აღარც წარსული, აწმყო და მომავალი არსებობს და გარშემო მხოლოდ დახშული სიცარიელე სუფევს, კაცმა უნდა შეძლოს და შორიდან მოსულ სინათლის სხივებს სივრცეში გარღვევა გაუადვლიოს, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ცხოვრების შედეგი არაფერი ყოფილა გარდა სიბრიყვისა, ამგვარად კი თავისი არსებობის საფასური მხოლოდ მტვრით გადაუხდია და მისი ეს დავალიანება შთამომავლობაზე (მათი არსებობის შემთხვევაში) თანაბრად გადანაწილდება. ყველა სული ტოვებს საბოლოო წერილს, საბოლოოდ ჰქმნის უჯრედს მის ორგანიზმში და ასხივებს მის ბოლო ენერგიებს, ეს ჩემი წერილია:
“29 წლის ასაკში გულის შეტევით მატერიალური არსებობა დავასრულე, ამ წერილს მხოლოდ და მხოლოდ უბიკის მიკროჩიპსეტის საშუალებით ვწერ, რომლის სასიცოცხლო ხანგრძლივობა ადამიანის სასიცოცხლო ხანგრძლივობის დასრულებიდან იწყებს ათვლას, და მხოლოდ 7 წუთს გრძელდება. ამ დროს გონებაში დაგროვებული ყველა ნეირონული აფეთქება ერთ დიდ ვიდეოკოლაჟად ყალიბდება და ფილმის დასრულებამდე ტვინი ნელ-ნელა თავის თავს ანადგურებს. ჩემი ფილმი არ ჩართულა, უკვე ერთი წუთი და ორმოცდა რვა, ცხრა, ათი წამი გავიდა ჩიპსეტის ამოქმედებიდან. სხეულის ყველა ორგანოს ვგრძნობ და გარე ტემპერატურას აღვიქვამ. დასრულების მიზეზად აქ გულის შეტევა წერია. ჩემი ფილმის არ ჩართვის მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ მისი ყველა კადრი უკვე ნანახი მაქვს, ალბათ ssd ბარათი არა ტვინის ჩიპსეტის მეზობლად, არამედ ჩემს გულში ინახებოდა. 3 წუთიღა დამრჩა, თუმცა უბიკის ინოვაციურობის უკვე აღარ მჯერა. შეიძლება ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია და დაშლა არ დაუწყია, ახლა მის მეხსიერებას ვამოწმებ, 29 წელიწადი გავიარე და აი ისიც, მეხსიერების ბოლო ფაილს მივადექი, რომელიც წითელ წერტილებს ყრიდა და მასთან მიახლოება ჩემს ელექტრულ სხეულს ახურებდა. ფაილი ცარიელია, მაღალმა წნევამ მისკენ ჩამითრია და სრულად შემისრუტა. ძალიან შემაწუხებელი სიმსუბუქე ვიგრძენი და მოულოდნელად უჰაერობაში გასროლილს, გრავიტაციის დაბალმა ველმა შემანელა. უბიკმა გახსნა ჭიშკარი წარსულსა და აწმყოს შორის. ჩემი 29 წლის მოღვაწეობა ერთ დიდ მაგნიტურ ველზე იყო მოქცეული. მარტივად შემეძლო წარსულში გადასვლა და უსასრულო რაოდენობის ცხოვრების ცხოვრება. 11 წლის ასაკში დაბრუნება გადავწყვიტე, უბედნიერეს დროში, თვალები დავხუჭე და აღარასდროს გამიხელია, ყოველშემთხვევაში, იმ ფორმით არა როგორც ველოდი. ჩემი გონება ჩემს ტვინს გაექცა, გაიწელა ნეირონებიდან და გაასწრო ყველა ელექტრონს. თითქოს თავისით გადაწყვიტა რომ იქ დარჩენა კარგს და ახალს არაფერს მომიტანდა. ის გახდა ქარი, რომელიც ბალახებს არხევს, სასიამოვნო მზის სხივი რომელიც ჩემს მეგობრებს გაღვიძებისას სტუმრობს,  გახდა მეგობრების სიცილი ჩემი მოგონებისას, გახდა ვარსკვლავი რომელმაც უარი თქვა განადგურებაზე.
უბიკი მართალი იყო, არსებობა არ დასრულებულა – მან უბრალოდ ფორმა იცვალა.
ეს ჩემი ფილმის ბოლო კადრი იყო, რომელიც სხვა ბევრი ფილმის დასაწყისად შეიძლება ჩავთვალოთ. ეს ახალი ფილმი დროისა და მატერიის გარეშე იქმნებოდა. მე ადამიანობა დავასრულე, გავხდი ყველაფერი რასაც კი ოდესმე შევხებივარ. ახლა ვცხოვრობ ყველა ადამიანში რომელიც მყვარებია. როდესაც შემთხვევით, უმიზეზოდ გაიღიმებენ, ეს მე ვარ. როდესაც ახალ სიმღერას უსმენენ და მის შეყვარებას აპირებენ, ესეც მე ვარ. უბიკმა შემახსენა, ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, იმიტომ არა რომ მარტივია, არამედ იმიტომ რომ ის ყოველთვის ტოვებს კვალს, ანაბეჭდს. საბოლოოდ მივხვდი, რომ სხვადასხვა ფორმით უსასრულოდ ვიარსებებ,
ბედნიერი ვარ,
თქვენი K.
12
								
															
2 Responses
K არიგსტრაკი მოვტყან
ეს 12 მგონი ბითიუვრაითერია