taste of cherry

,,ცხოვრება აბსურდია, მაგრამ სიზიფე მაინც ბედნიერად უნდა წარმოვიდგინოთ” – ალბერ კამიუ.

კამიუს აზრით, ერთადერთი ფილოსოფიური შეკითხვა რომლის პასუხიც უნდა გვაინტერესებდეს არის: ,,ღირს თუ არა რომ ვიცხოვროთ?”. აბას კიაროსტამის ,,ალუბლის გემო” ჩემთვის გამოღვიძებაა, „ალუბლის გემო“ ასახავს სიცოცხლის სილამაზეს ერთგვარი რიტორიკული ინვერსიის საშუალებით. ერთი შეხედვით, თითქოს ჩანს, რომ ფილმში სიკვდილს საპატიო ადგილი უკავია. ფილმი 50 წლამდე ირანელი კაცის, ბადიის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ასე თუ ისე, შეძლებულია და გადაწყვეტილი აქვს თავი მოიკლას, ამისთვის კი მეორე ადამიანის დახმარება სჭირდება. არა თვითმკვლელობაში, არამედ მისი სხეულის დამარხვაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის ცოცხალი გადარჩება – ამოყვანაში. მიჩნდება კითხვა : რატომ არ არის მოთხრობილი ფილმში თუ რატომ უნდა ბადის თავის მოკვლა? ( იქნებ იმიტომ, რომ რეალურად ფილმი ეხება იმას, თუ რატომ სურს მას, ან ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლე) ? რატომ არის თვითმკვლელობა წარმოჩენილი ისე უცნაურად, თითქოს ერთ კაცს კი არა, ბევრ ადამიანს ეხება. ამ ფილმში ამის დანახვა კითხვების დასმით იწყება. ფილმი ზედმეტად წყნარი და სევდიანია თუმცა წამით ვერ გტოვებს მშვიდად. მთავარი გმირი ისეა წარმოჩენილი, რომ მისი გესმის, არ განსჯი მის გადაწყვეტილებას, მისი საუბრებიდან გამომდინარე ხვდები რომ გიჟი არ არის, შენნაირი ადამიანია რომელმაც ასეთი რთული გადაწყვეტილება მიიღო. ფილმის ბოლოსწინა სცენაში, როდესაც მთავარი გმირი, რომელთანაც თავს ვაიგივებთ მთელი ხნის განმავლობაში, წევს სრულიად უმოძრაოდ და ეშვება სიბნელეში, როგორც სინამდვილეში, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენ ვრჩებით სრულიად მარტონი ჩვენს თავებთან, ჩვენს საკუთარ ღრმა გრძნობებთან იმ უმარტივესი საკითხის მიმართ, რომ სიკვდილამდე შევიგრძნოთ, ჩავწვდეთ, დავაგემოვნოთ – სიცოცხლე.

ჩემთვის ცხოვრებას შინაგანი აზრი არ აქვს, არ არსებობს მატერიალური მიღწევა, რაც მე დამარწმუნებს რომ ადამიანი ამ წერტილამდე უნდა ილტვოდეს. მე ვქმნი საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობას ყოველი გაღვიძებისას, ყოველი დაძინების წინ, მე ვირჩევ ცხოვრებას. ზუსტად ეს არის თავისუფლება, გქონდეს არჩევნის უნარი. ვუპირისპირდები სასოწარკვეთილებას, ვუჯანყდები ამ სიცარიელესა და სისულელეს.

ბადის ინტერაქცია უცნობებთან კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პრობლემაზე საუბრის დაწყება ნახევარ საქმეს აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ ვიცით მიზეზი მისი ამ გადაწყვეტილებისა და პრობლემის კონკრეტიკას ვერ ვხვდებით, ის ყოველი ინტერაქციისას იცვლება და უფრო მშვიდად იღებს უარს ამ საქმეზე უცნობებისგან. არც ერთმა მათგანმა არ შესთავაზა გამოსავალი, მხოლოდ შეხსენებები. ეს შეხსენებები გვტოვებს ცოცხლებად. ჩვენ არ ვიცით ბადი გადარჩება თუ არა, ამის ნაცვლად ვხედავთ უშუალოდ ფილმის გადაღების კადრებს, კამერებს, შტატივებს, ხმის ოპერატორებს, ჯარისკაცის ფორმებში გამოწყობილ მსახიობებს, რომლებიც შესვენებაზე ყვავილებს კრეფენ და სიამოვნებით აკვირდებიან. ჩემთვის ეს 3 წუთიანი დასასრული უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მთელი ფილმი და მისი სცენარი.

ბატონო ალბერ, ღირს თუ არა ცხოვრება? – არც ღირს ამაზე პასუხის გაცემა, იქნებ ჯობია უბრალოდ შევამჩნიოთ ის, რომ ცხოვრება ახლა და ამ წამს ხდება. ცხოვრება ჩვენში შემოდის და ჩვენიდან გადის. ,,ალუბლის გემო” პასუხს არ იძლევა, ის კითხვისკენ გვაბრუნებს, ოღონდ ძალიან ფართო თვალებით.

აქვე, ამ შანსს გამოვიყენებ და მივმართავ ადამიანებს, ვისაც ახლო მომავალში ასეთი რამის ჩადენაზე უფიქრია ან გულით ნდომებია რომ ეს გადაწყვეტილი ჰქონოდა. მეგობარო, მე არ მაქვს პასუხი შენს კითხვებზე, არც მონასტერში წასვლას, არც წერას და არც ანტიდეპრესანტებს არ შეუძლიათ სწორი სიტყვების პოვნა. პასუხი არ არსებობს, პასუხი არც ჩემთვის და არც შენთვის არ არსებობს. ერთადერთი რაც მართლა მინდა რომ სცადო, დაკვირვებაა. მინდა გისურვო რომ სისულელის რწმენისგან დაბრმავდე, მინდა ისევე აირჩიო ცხოვრება სისულელეების გამო, როგორც მე. შენ თუ ამ ტექსტის ბოლომდე მოხვედი, ეს უკვე ერთი ადამიანისთვის – ჩემთვის ნიშნავს რომ ლამაზი სულის პატრონი ხარ, შეიძლება ჩემი აზრი არც გაინტერესებს და ესეც ნორმალურია, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ამის სამადლობელოდ შენს ხმას მე ყოველთვის მოვისმენ და ყოველთვის გეყოლება ერთი ადამიანი, რომელსაც აქ, თუნდაც ანონიმურად ყველაფერს მოუყვები. მე მინდა, რომ ჩვენ დიდი ხნით ვიმეგობროთ.

568796629_1389638893164299_2399055321717500624_n.jpg

12

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.