მაშინ, როცა გარეთ სამყარო ფერს კარგავს, დაგმანული ფანჯრები ქალაქის ქაოსს არ ატარებს და გარშემო ყველაფერს მიცვალებულის სამყოფელს ამსგავსებს დროა გარეთ გახვიდე და ყურადღება გაამახვილო ყველა პატარა დეტალზე და ცხოვრებას ოდნავ მაინც მიანიჭო მნიშვნელობა. შეიგრძნო დრო და ისედაც ხანმოკლე ცხოვრება უაზრო ყოფაში არ განვლო.
ხშირად არის ისეთი დღეები როცა ყველაფერზე ფიქრობ, ყველაფერზე ამქვეყნად, მაგრამ არაფერ მნიშვნელოვანზე… გეფიქრება თითოეულ დაშვებულ შეცდომაზე, ადამიანებზე, რომლის მზერაც გვარწმუნებს რომ მხოლოდ ჩვენ კიარა, არამედ ჩვენი აჩრდილებიც აღარ არსებობენ მათ ცხოვრებაში, სიცოცხლის კანონზომიერებასა თუ სიკვდილის ბოროტებაზე და კიდევ ათი ათას უაზრო, თუ აზრიან ჩანაფიქრზე.
ამბობენ, მთვარის ქვეშ ყველა ფიქრი უფრო ღრმა ხდებაო და ზუსტად ისე, როგორც გვიან ღამისას მჩვევია, ახლაც შემიპყრო ფიქრებმა და ცდილობს ერთი ხელისკვრით ქარაფიდან მორევში გადამაგდოს. წლების მანძილზე, გზადაგზა ცხოვრების რებუსების ამოხსნისას მაინც ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დამრჩა. ხშირად ვფიქრობ იმაზეც, თუ რა მოხდება მას შემდეგ რაც სიკვდილის სუნთქვას ვიგრძნობთ?! სხვა განზომილებაში განვაგრძობთ ცხოვრებას თუ გაჩერდება ყველაფერი? სიკვდილი მართლა მარადიულია თუ იქაც ვიქცევით ფერფლად, როდესაც ჩვენი ამქვეყნიური არსებობის კვალი აღარ იარსებებს? ვფიქრობ,ადამიანის პიროვნულად ჩამოყალიბების შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო, რომლის ამოცნობაზეც კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლები ფიქრობდნენ თუმცა ამ შემთხვევაში ამონახნი მაინც ვერ იპოვეს…
***
თუ სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ერთი მოგონების შენახვის უფლებას მომცემენ ნეტავ რომელს ავირჩევდი… თითქოს სულ ცხოვრების ხანმოკლეობაზე, წუთისოფლის ამაოებასა და დროის სწრაფად გასვლაზე ვწუწუნებ, მაგრამ მაინც რამდენი ღირებული მოგონების დაგროვებას ვასწრებთ ადამიანები…
ახლა მუზეუმში ვიმყოფები, დავდივარ აქეთ-იქით და ვაკვირდები ყველაზე ძვირფას ექსპონატებს, თუმცა გავურბივარ მათ შეხებას ისე, გეგონება ერთი ამოსუნთქვით განადგურდება ყველაფერი. რეალურად ექსპონატები კი არა, მათი შეხებით მე გავნადგურდები, რადგან ახლა ვიმყოფები მუზეუმში, ვაკვირდები ყველაზე ძვირფასს, ყველაზე წმინდას – ჩემს მოგონებებს და ვცდილობ ერთი საუკეთესო ამოვარჩიო, რომელიც წამყვება იმქვეყნიურ მარადიულობაში. მათი შეხება მართლაც ტკივილს გამოიწვევს ჩემში, რადგან ზედმეტად ემოციურია, როცა ვიაზრებ რომ იმ დროის დაბრუნებას ვეღარ შევძლებ.
სევდიანი თვალებით ვუყურებ თითოეულს მაგრამ ჩემი უნებლიე მზერა სრულებით არ გამოხატავს ჩემს ნებას, მას უბრალოდ მოგონებებისადმი ჩემთვის დამახასიათებელი სევდიანი სინატიფე ამძაფრებს. სევდის სხივი იჭრება ჩემს სხეულში, ისევე როგორც მზის სხივს სჩვევია ფანჯრის პოვნა და ოთახის მთლიანად ოქროსფერი სინათლით დაფარვა, თუმცა მზე თბილ კვალს ტოვებს სევდა კი არასასიამოვნო ხინჯს მადებს გულზე. ერთ ფიქრს, მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ისე ენაცვლება აზრები ერთმანეთს, მგონია ცოტახანში ტვინი ვეღარგაუძლებს ამდენს და ფიქრებისგან დამძიმებული ზუსტად ისე გაუყვება იმავე გზას, რასაც ახლა ჩემ გვერდით მჯდომი ბიჭის სიგარეტის ნელი, უფერული და მშვიდი კვამლი მისდევს და ისევე გაუჩინარდება როგორც ის ქრება ღრუბლის ფთილასავით…
shuagamis_mwerali

4 Responses
მაოცებთ თქვენი ამ სიტყვებით. ძალიან შევიგრძენი ეგ ყველაფერი 🙂 მადლობა!
მოტივაცია მომცა ამ კომენტარმა რომ წერა გავაგრძელო, ვერც წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა. მადლობა თქვენ <3333
🤍
მე შენ მიყვარხარ <3333