ლამაზი ბავშვი

ღრუბელზე ვდგავარ და ქვემოთ დავყურებ სამყაროს, ვხედავ ჩემს ბავშვობას, ვხედავ იმ დღეებს როდესაც მტკიოდა. როდესაც ექსკურსიაზე მყოფი 9 წლის ბიჭი ტყეში გავიპარე და ხის ძირში ვიჯექი 1 საათით. როდესაც ჯგუფური ფოტოს გადაღება მეზიზღებოდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი ღიმილი მაინც მე მქონდა. ვუყურებ ჩემს სამყაროს, ვუყურებ და ვამაყობ ჩემი თავით რომ გადავურჩი. როგორ შევიცვალე… ღრუბელზე მდგომი უკვე ძლიერი, მხრებ გაშლილი, ჯანმრთელი და შემდგარი არსება ვარ. წარსულის გახსენება სასირცხვილოა ჩემთვის, ნეტავ იცოდეთ, როგორ მამცირებს იმის გახსენება თუ როგორ დაუცველად ვგრძნობდი თავს მაშინ, როდესაც ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. ვუყურებ ამ სასირცხვილო დროს და მინდა რომ ხელით შევეხო, მუჭში მოვიქციო და გავაქრო. არ გამომდის, ამ დრომ შემქმნა მე. ის ლამაზი ბავშვი, რომელიც ვერ ხვდებოდა თუ რა აწუხებდა, დღეს მთავარი შემოქმედია იმ პიროვნების, რომელიც არა მარტო თავის, არამედ სხვის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს (ცდილობს). არადა რომ ვუყურებ აქედან, ასეთი უმწეო,გამხდარი, სუსტი, თავზე დიდი თმით, პატარა ხელებით, რამდენი რამე გადაიტანა, რამდენი რამე ინატრა და არ აუხდა, მაინც როგორ ახერხებდა გასართობი ეპოვნა, როგორ მოახერხა და სამყაროს სიყვარული შეინარჩუნა, ღმერთის სასწაულია. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანს ვკარგავ, ის ლამაზი და გამხდარი ბავშვი ვარ, რომელიც ვერ ხვდება თუ რატომ არ უნდათ მასთან მეგობრობა. მაგრამ ახლა, ახლა მე ზემოდან დავყურებ სამყაროს, ერთადერთი რაც მიწასთან მაკავშირებს ის ბავშვია, ეგ რომ არა, დღეს ყველას ზემოდან შევხედავდი, სულ წუწუნში ვიქნებოდი და სულ მართალი მეგონებოდა თავი, საუკეთესოს ღირსად ჩავთვლიდი თავს, ქუჩაში ზიზღს დავანახებდი ნებისმიერს, ნებისმიერს განვიკითხავდი დაუფიქრებლად. მადლობა ბავშვო, რომ შემქმენი, აწი მე ვატარებ შენს ტვირთს, მე მოგცემ ყველაფერს, რაც ოდესმე გაკლდა. ყოველთვის ერთად…

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.