შედიხარ მეტროში, ხედავ ბავშვს რომელიც შენი პატარა ძმის, ძმისშვილის, ბიძაშვილის ტოლია, ეს ბავშვი გლდანიდან ვარკეთილის სადგურამდე მეტროთი მგზავრობს. შემოვა და ითხოვს ხურდას, მერე უყურებ ამ ბავშვს, გახსენდება რომ შენც ასეთი იყავი მაგრამ მეტროში 12 წლამდე არც ჩასულხარ. გახსენდება შენი პატარა ძმა, ძმისშვილი, ბიძაშვილი რომელიც სახლში გელოდება, ზუსტად ამის სიმაღლისაა, თმაც ერთი ფერის აქვთ. და ფიქრობ, სად წავა ეს ბავშვი დღის ბოლოს. იცი რომ თბილ საწოლში არ ჩაწვება და იუტუბის შორთებს არ უყურებს. თვეში მესამეჯერ McDonald-ს არ გამოგაძახებინებს და ნახევარს არ დატოვებს. მერე უფიქრდები კიდე და ხვდები, ვიღაცამ ეს ბავშვი გაიმეტა ქუჩაში სასიარულოდ. შეიძლება ვინც გაიმეტა ეგეც ბავშვი იყო ოდესღაც და მუდმივი პროცესია, მაგრამ არ გაინტერესებს. პროტესტის გრძნობა გიჩნდება, ვერაფერს აკეთებ, ჰა მაქსიმუმ 5 ლარიანი მისცე ან ტელეფონში subway surfers ათამაშო. და იცი ყველაზე ცუდად როდის გრძნობ თავს? როდესაც ვაგონში ლამაზად ჩაცმული ბავშვი ზის, სკოლის უნიფორმა უჭერს და ხელში ათასფერად ქეისიანი ანდროიდი უჭირავს, თან ფრინგლსის ჩიფსებს ახრაშუნებს. ხვდები, რომ არაფრით განსხვავდებიან, წინ გიდგანან ერთნაირი არსებები და მაინც, დღეს ორივე განსხვავებულად ასრულებს. ყველა ბავშვი მენანება, ყველა ბავშვი მიყვარს, ჩემშიც არ ვკლავ ბავშვს, რა ნამუსით უნდა ვიარო ქალაქში, სადაც ბავშვებს შიათ.