უცნობი ბაბუ

თუ სწორად მახსოვს, უნივერსიტეტში მივდიოდი, გაჩერებისკენ მიმავალმა შევამჩნიე, რომ გზის მეორე მხრიდან მოხუცი მეძახდა. ხელში ძველი, ალბათ, წლობით ნახმარი მწვანე ჩანთა ეკავა, თავზე ადიდასის გახუნებული კეპი ეხურა . რომ მივუახლოვდი რაღაც მითხრა, ყურსასმენი მოვიხსენი და ვკითხე:
– დახმარება ხომ არ გინდათ?
( ზოგადად, ამის კითხვა არ შეიძლება, ადამიანი იმდენად ამაყი არსებაა რომ ყოველთვის უარს გეტყვის ამაზე, მითუმეტეს მოხუცი, ყოველთვის ჯობია დახმარება სცადო და გაგლანძღონ, ვიდრე მიხვდე რომ ადამიანს ვერ დაეხმარე, მე ალბათ, ქვეცნობიერად მისი მოშორება მინდოდა თუმცა მალევე დამიბრუნა პასუხი)
– იქამდე მიმიყვანე რა.
მანიშნებს ავტობუსის გაჩერებამდე, მეც იქითკენ მივდიოდი და რატომაც არა, დამეყრდნო და წავიყვანე.
ფეხზე მაზოლი მაქვსო, წუწუნებდა და იგინებოდა, ეს არის ცხოვრება, ახალგაზრდობაში სალტოებით ვხტებოდი წყალში და ახლა ორი ნაბიჯი ვერ გამივლიაო. ფეხბურთელი ვიყავი, სამტრედიაში ვთამაშობდი თავდამსხმელადო.
ამ წუწუნის დროს, ხელებს რომ იშვერდა აქეთ-იქით, მოვასწარი და ჩანთას მოვკარი თვალი, სადაც მხოლოდ 1 პური და რძის ბოთლი ედო. მინდოდა, ბევრი რამე მეთქვა მისთვის, რომ მე მისი მესმის და არ მაწუხებს თავისი პრობლემებით. მინდოდა გაეგო რომ მეც ადამიანი ვარ, რომელიც ოდესღაც მსგავსად დასუსტდება და ყოველ ნაბიჯზე რაღაც ასტკივდება სიბერეში, ადამიანი, რომელმაც შეიძლება ვერც მიაღწიოს სიბერეს. მაინც ჩუმად ვიყავი და მოკლედ თუ ჩავეკითხებოდი რაღაცებზე.
ბაბუს მართლა დაღლილი ხმა ჰქონდა, ცხოვრებისგან დაღლილი, იდიოტივით გამეღიმა ის რომ გავუშვი, რაზე ვნერვიულობ საერთოდ, რა სულელი ვარ, გამეღიმა კი არა, გამეცინა, შემრცხვა. ერთადერთი რაც მამშვიდებდა ჩემს მიერ გაღებული პატარა სიკეთე იყო უცხო ადამიანისადმი. რა ვქნა, ასეთი ვარ, ცხოვრების ყველა ინტერაქციაში ვხედავ ღმერთის ხელს. ღმერთის ან იმ ძალის თუ წესრიგის, რაც ჩემში გულუბრყვილო აბსურდიზმს აბრუნებს და მამშვიდებს. სულ მჭირდება ხოლმე ვინმეს ან რამეს მიერ შეხსენება, რომ ყველაფერი კარგადაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს ჩემი ცხოვრება დღეს, ვიცი, რომ საბოლოოდ არაფერიც არ ვიცი. და ეს არ ცოდნა ყველაზე დიდი მიზეზია იმის, რომ ადამიანი მშვიდად იყო, რა თქმა უნდა, უნდა ცდილობდე რაღაცების გარკვევას, მინიმუმ საკუთარ თავში, მაგრამ, სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოხსნა შენი მისია არაა. ყველაზე დიდებული და ადამიანური ქმედება, სიკეთის ჩადენაა. ამას მხოლოდ პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, არავის ვმოძღვრავ. ჩემთვის, როგორც დიდი ეგოისტი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ჩემში არსებულ ეშმაკსა თუ ქვეცნობიერს ყოველდღე რაღაც ვუმტკიცო, თუნდაც პატარა სიკეთის გაღებით. არანაირი შვებულება მე არ მეკუთვნის, ყოველ შემთხვევაში, ისინი ამბობენ ასე. ჩემს მსგავსად არ მოიქცეთ, დაივიწყეთ ყველა სიკეთე რაც ოდესმე გაგიკეთებიათ და არ დაიმახსოვროთ მომავალი სიკეთები. წესით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, კარგის კეთება თქვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს. ერთადერთი რაც უნდა დაიმახსოვროს ყველამ მისთვის გაკეთებული სიკეთეა და არა მისგან წამოსული.

“არაფერი არ მიგვაქვს იმ ქვეყანაში, როგორც მოვედით, ცარიელები, ისე წავალთ იმ ქვეყანაში. დაგვხვდება უბრალოდ ჩვენი კეთილი საქმეები, ბოროტს დავთესავთ ბოროტი დაგვხვდება, კეთილს დავთესავთ – კეთილი დაგვხვდება. ღმერთი მოწყალეა და გვაქვს იმის უფლება და საშუალება რომ შევინანოთ ის ჩვენი ბოროტი საქმეები და უფალმა მარტო კეთილი შეგვიწიროს.”

3-სახლი.png

12

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.