კბილის ტკივილი

დღეს ყველა ბედნიერებასთან ერთად კბილიც ამტკივდა.აი ასეთი უაზრო და უნიათოა ეგ თქვენი ზამთარი. ჟოლოს ჩაიზე შევჯექი, გაციებას უხდება, კიდე ვერ მოვირჩინე რა. ფიზიკურად ცუდად რომ ვარ ეგ ხასიათზეც მოქმედებს ხოლმე. ორი კვირაა სურდო ვერ მოვირჩინე, ასეთი რამე არ გამიგია. მარტო მე მემართება თვეობით, ალბათ, 60 წელს თუ მივაღწევ, პირველივე ზამთარში გავგორდები. ხელები დამისუსტდა, წერაც მიჭირს ფურცელზე, დილით ადგომისას ტვინი არ მიმუშავებს. დღეს საშინელ ხასიათზე ვარ, მახსოვს, ერთხელ ზუსტად ასეთ სიტუაციაში მყოფი, ამ დღიურში ვეხვეწებოდი ღმერთს რომ სიმშვიდე მოეცა ჩემთვის, ოღონდ მაშინ დაშორების გამო ვიყავი ცუდად. ახლახანს მივხვდი, რომ ფურცელზე წერისას (რასაც იშვიათად ვაკეთებ) ყოველთვის ვახსენებ ღმერთს, ასევე მივხვდი, რომ ფურცელზე წერა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. დღეს კარგად არ მეძინა, კბილის ტკივილმა გამაღვიძა, ცხვირშიც გაჭედილი ვიყავი, მახველებდა, შევამჩნიე, რომ ჩემი ჯინსის შარვალს მკერავმა ემბლემა მოაჭრა, მომპარა. მერე ძლივს გადავივლე და სველი თმით BTU-ში წავედი. გზაში მციოდა, ფეხსაცმელიც ტალახით დავსვარე. ავტობუსში კონტროლიორების ჩხუბს შევესწარი და ამან ოდნავ გამომაფხიზლა, მეტროშიც ვერ დავჯექი და ერთმა კაცმა სამჯერ გადამიარა ფეხზე. ყურსასმენი დამიჯდა და ლექციაზეც დავაგვიანე. ლექტორი შუალედურის საკითხებს ხსნიდა და მე არაფრის აზრზე არ ვიყავი, კბილიც მტკიოდა და საშინლად მახველებდა. 10 წუთში იქიდან გამოსული ვიყავი, ალბათ, ლექტორს ეწყინა, 1 თვე არ ვყავდი ნანახი და მოკითხვის ნაცვლად ჯერ 10 წუთი ხმამაღლა ვახველებდი მის წინ, მერე კი უნამუსოდ გავიძურწე. სხვა საგანიც გავაცდინე და რა თქმა უნდა, აქტივობის ქულები დავკარგე. გზაში დაძინება ვცადე მაგრამ ჩემი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მეტროში კიდევ ერთი “Moncler-ის ამბასადორი” შემხვდა, Hugo Boss-ის “დუტის კურტკითა” და qp-ის თეთრი კედებით. მისი “შეუმდგარი Beatle-ის” სტილის თმა ყურებსა და წარბებს უფარავდა. გვერდით მომიჯდა და მთელი გზა ტელეგრამის ვოისებს მასმენინებდა. ვიფიქრე, სახლში მაინც დავისვენებ მეთქი, იქაც ვერ ჩამეძინა, 2 საათი თვალებდახუჭული ვიწექი და ჩარკვიანს ვუსმენდი, ძალიან დაბალ ხმაზე. სურდომაც შემჭამა და ჩაის სმით გავიჭყიპე. საქმესაც ვერ ვაკეთებ, ვერც ვმეცადინეობ, ახლა ავდგები და წიგნს წავიკითხავ. არ ვიცი, სხვაგან დავიწყო მუშაობა? სხვა უნივერსიტეტი ვცადო? ახალი თმა? ახალი ჯინსები? აუ, იმ მკერავმა როგორ მაწყენინა, ნეტა იცოდეთ (ღმერთმა შეარგოს). არა, მთავარია ოჯახი და მეგობრები ჯანმრთელად იყვნენ, ეგ რომ შეიცვლება ხოლმე, სხვა დანარჩენი პრობლემა სანატრელი გიხდება კაცს. როდემდე შეიძლება ასე ყოფნა, მუდმივად პრობლემების მოგერიებაში პოზიციონირება. კაი, ვაზვიადებ, დღეს ვერ ვარ კარგად, თორემ ისე ძალიან goated ვარ. არაუშავს, ესეც ჩაივლის…

,,ყველაფერი ჩაივლის,
შევეგუოთ ბედს,
ანგელოზი მოგვიტანს,
ფაიფურის ფრთებს” – ი.ჩ

627b9c08d91a208e1ee520ec37b00902.jpg

12

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.