ვინ არის btuwriter?

უფრო სწორი იქნებოდა, სათაურში დამეწერა ,,ვინ არის მე ?” რადგან დღეს მინდა საკუთარ თავს საქმე გავურჩიო. ამ წამს ფურცელზე ვწერ კალმით, დიდი ხანია ხელში ,,პასტა” არ ამიღია, მელნის სურნელი მსიამოვნებს. დღეს მე კიდევ ერთხელ მერგო პატივი რომ გამეღვიძა, გამეღვიძა და მენახა ჩემი ოჯახის წევრები, მომეკითხა ჩემი მეგობრები, მერგო პატივი რომ დღეს მეარსება და ამ ფურცელზე ეს ყველაფერი დამეწერა. მე ერთი ჩვეულებრივი ცოცხალი არსება ვარ, მე იმდენივე ადგილს ვიკავებ ამ სამყაროში, რამდენსაც მინდორში მოფარფატე ციცქნა პეპელა, წვიმის წვეთები რომ ფრთებს უმძიმებს. ჩემი არსებობა დროებითია, ჩემი არსებობა შემთხვევითი არაა, თუმცა შესაძლებელია ჩემმა არსებობამ არც არაფერი შეცვალოს. კითხვა – ,,ვინ ვარ მე” ძალიან მრავლისმთქმელია თავისი შინაარსით. ამ შეკითხვის აღმოჩენამ უფრო მეტი საქმე გამიკეთა, ვიდრე პასუხმა. მაშასადამე, მე ვარ ის რაც გავიგე და შევიმეცნე. მე არ ვარ BTUwriter, მე არ ვარ WordPress-ში აწყობილი და აკოწიწებული ვებ-გვერდი, არ ვარ ჩემი სახელი, გვარი, ჩემი თვალები ( თუმცა თვალი ჩემი საყვარელი ორგანოა და ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით ), მე არ ვარ ჩემი თმა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… მე ვარ და მე მაქვს ძალიან განსხვავდება, რაც უფრო ნაკლებია კავშირი მათ შორის, მით უკეთესი. ჩემი უდიდესი სიმდიდრე, ოჯახისა და მეგობრების შემდეგ, ჩემი თავისუფალი ნებაა. მე არ მგონია, რომ უბრალოდ ბიოქიმიური არსება ვარ რომლის მთელი ცხოვრება ჭამა და ძილია, რომელიც შემთხვევით გაჩნდა და შემთხვევითვე დაასრულებს არსებობას. ჩემს პეპლისებურ არსებობაში არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, რაც ოდესმე ვინმეს, თუნდაც არაადამიანურ ძალას, შეეძლო დაეპროგრამებინა. არ არსებობს ჩემი ალგორითმი. ამიტომ მგონია, რომ ცნება ,,ღმერთის ნება” ბევრისგან არასწორადაა აღქმული. ყველა ადამიანს საკუთარი ღმერთი ჰყავს, ადამიანის სულისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ რას იტყვის ან მოიმოქმედებს სხვების დასანახად. არანაირი აზრი არ აქვს როგორ გამოხატავ შენს თავს, რამხელა ჯვარს ჩამოიკიდებ თუ რამდენ ჯვარს დაიხატავ სხეულზე. შეუძლებელია ფორმა შინაარსზე მეტი იყოს. შეუძლებელია, შენში არსებული ღმერთი ბოლომდე გადმოიცეს. თუ ვთანხმდებით, რომ ღმერთი შემეცნებაა, მაშინ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანი საკუთარი თავის ღმერთი ხდება მაშინ, როდესაც ახალს შეიმეცნებს. ჩემი დროებითი არსებობა ამ ქვეყანაზე სწორედ რომ ,,თავის-უფლობას” ეძღვნება. მე შინაარსი ყოველთვის უფრო მეტი მაქვს ვიდრე ფორმა. ჩემი მისიაა საკუთარი თავის უფალი გავხდე, თავისუფლებაა გიყვარდეს, თავისუფლებაა გჯეროდეს იმის, რასაც ახდენა შეიძლება არც ეწეროს და მისი მოხდენის ალბათობა ნულს უტოლდებოდეს. ბევრი ამგვარ თავისუფლებას ბრიყვობას ეძახის, თუმცა არაფერია იმაზე ლოგიკური, რომ ეცადო მაინც საკუთარი იდეები სრულყოფამდე მიიყვანო. როდიდან გახდა ეს არასწორი?

და მაინც, ვინ ვარ მე?

რატომ მეკითხები საერთოდ, შენ ხარ ის, რაც გაიგე და რაც ისწავლე შენით, შენ ხარ ის ღიმილი ლამაზი ცის დანახვისას რომ ნაზად იწელება სახეზე, შენ ხარ ის ნათება, რომელიც გონებაში ჩნდება ახლის სწავლისას, შენ ხარ წვიმის ის შეხება, ცხელ ზაფხულში რომ გაგრილებს, შენ ხარ აჩქარებული გულისცემა ჩახუტებისას. შენ ხარ სიჩუმე გლოვისას.

და უფრო კონკრეტულად, ვინ ვარ მე?

რა გინდა რომ გიპასუხო, ,,მწერალი”, ,,დეველოპერი”, ,,ფინანსისტი” თუ ,,კარგი მეგობარი და კაი ოჯახის შვილი”. გინდა რომ სახელი გერქვას? შენ ხარ და უნდა იყო ღმერთი საკუთარი თავისა, შენ უნდა შეძლო, უნდა შეეცადო მაინც რომ იყო გულწრფელი საკუთარ თავთან, შენ უნდა დაიჭირო ყოველი წამი, რომლის დადგომა ემთხვევა შენს ახლის შემეცნებას, რადგან ზუსტად ეს წამი ხარ შენ. ჩემი ცხოვრება წამია, წამ-წამები 🙂

ec803ac2ca09b16b5161cf300e5bcbdd.jpg

12

6 Responses

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.